|
ქეთევან ჰაგერი:
ბატონო ედუარდ, თქვენ, ჩვენი დროის ერთ-ერთ მტკიცე და გამოცდილ პოლიტიკოსად მიგიჩნევენ. ხშირად გიწევდათ პოლიტიკური არენის დატოვება და შემდეგ დაბრუნება. თქვენი აზრით, რამდენად საჭირო და მნიშვნელოვანია ამგვარი ფონდის არსებობა საქართველოში გლობალიზაციის პირობებში?
ედუარდ შევარდნაძე:
დღევანდელი მსოფლიო ახალი ფასეულობების მოძიებისა და დამკვიდრების პროცესშია. ტერმინი „გლობალიზაცია“ გამოხატავს ამ ახალი პრინციპების ერთობლიობას და კაცობრიობისაგან გამოწვევებზე შესაბამისი ტიპის ცნობიერებით პასუხს მოითხოვს. როგორი პასუხიც გვექნება ამ მოთხოვნებზე, ისეთი იქნება ჩვენი ადგილი მომავალი მსოფლიოს განვითარებასა და ჩამოყალიბებაში. ყოველგვარი მცდელობა თავი ავარიდოთ გლობალიზაციის პრინციპებს იმ საბაბით, რომ ვეწინააღმდეგებით ამ იდეას პროტესტის ან სხვა რაიმე ნიშნის მიხედვით (მაგალითად ეროვნული ნიშნით) განწირულია დამარცხებისათვის. გლობალიზაცია უალტერნატივო ხასიათისაა. ის არ სვამს კითხვებს. გლობალიზაცია შემოდის ყოველი ადამიანის ცხოვრებაში, ყოველი ერის არსებობაში და გვიტოვებს ერთადერთ გზას საკუთარი ეგზისტენციისა და მეობის გამოსახატავად - მოვერგოთ ამ უნივერსალურ პრინციპს, თუ გვსურს თავის გადარჩენა.
ქეთევან ჰაგერი:
რა ბედი ეწევა თითოეულ ჩვენთაგანს, თითოეულ ერს ამ პროცესში, მით უმეტეს, რომ გლობალური გამოწვევები უფრო და უფრო მძაფრდება და ფართომასშტაბიანი ხდება?
ედუარდ შევარდნაძე:
როგორც ნებისმიერი გარედან შემოჭრილი მოვლენა, გლობალიზაცია უპირველესად სტრუქტურული ხასიათისაა. რა იგულისხმება ამ სტრუქტურაში? უპირველესად ის, რომ ჩვენ (ინდივიდები, ერები) გლობალური ხასიათის სუბიექტები ვართ და უნივერსალური ფასეულობები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა. გლობალიზაციას, როგორც ასეთს, არც მორალი აქვს და არც რაიმე ესთეტიკური დატვირთვა. ის გვთავაზობს თავის თავს, როგორც ერთადერთი ჭეშმარიტება. მას არ აინტერესებს პასუხი კითხვაზე – რა ბედი ეწევა თითოეულ ჩვენთაგანს. ამ კითხვას პასუხი ჩვენ უნდა გავცეთ. ალბათ ეჭვს არ იწვევს, როცა ვამბობ, რომ გლობალიზაცია გარედან, ობიექტურად შემოჭრილი ფენომენია. აქ უფრო მეტად საგულისხმო ისაა, რომ სწორედ ამგვარი შემოჭრის შედეგად ყოველი ჩვენთაგანი, პლანეტარული მასშტაბით მზად არის ისეთი პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა გლობალური დათბობა, საერთოდ კლიმატის ცვლილებები. ამ ცვლილებების გააზრება და შესაბამისად, მათთან ბრძოლა ასევე გადაიქცა დღევანდელობის პრიორიტეტად, მაგრამ კლიმატის ცვლილებები, ისევე, როგორც გლობალიზაციის სხვა სახის გამოწვევები (მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი, ბიოინჟინერია-ბიოტექნოლოგია, ნანოტექნოლოგიები, კიბერსივრცე და ა.შ.) მოითხოვს ისეთ კომპლექსურ მიდგომას, როდესაც გათვალისწინებული იქნება საზოგადოების, როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ისე კულტუროლოგიური თუ ეთიკური მხარე. ამგვარი კომპლექსური მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს პატარა ქვეყნების და მცირე ერების შემთხვევაში.
ქეთევან ჰაგერი:
გლობალური ინტერესების გამძაფრების ფონზე სახეზეა ადგილობრივი ინტერესების დაჩრდილვა, მაგრამ ვერსად გავექცევით იმასაც, რომ ინტერესების გადაფასება ხდება გლობალურის სასარგებლოდ.
ედუარდ შევარდნაძე:
საყოველთაოდ ცნობილია, რომ გლობალიზაციის პირველი მსხვერპლი სწორედ პატარა ერებია. თუ პარალელს გავავლებთ გლობალიზაციის მეორე მსხვერპლთან, ბუნებასთან, დავინახავთ, რომ ფლორასა და ფაუნაში უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს ის პროცესები, რასაც მცენარეებისა და ცხოველების მზარდი რაოდენობის გადაგვარება-გაქრობა ჰქვია. ფაქტობრივად, იგივე ემუქრება ერებსა და ეროვნულ კულტურებს. ცნობილია, რომ ყოველწლიურად უამრავი ენა ქრება პლანეტაზე და ეს პროცესი არა თუ ნელდება, არამედ სულ უფრო სწრაფად მიმდინარეობს. და, თუ ეს დღეს ისეთ ენებს ეხება, რომელთა არსებობის შესახებ ცოტა რამ თუ ვიცით, ხვალ იგი ისეთ ქვეყნებსაც შეეხება, როგორიც საქართველოა. იმის თქმა მსურს, თუ საერთაშორისო კანონმდებლობით დღესდღეობით უამრავი ღონისძიება ხორციელდება, რათა დაიცვან, გადაარჩინონ და ხშირ შემთხვევაში აღადგინონ კიდევაც ფლორისა და ფაუნის ესა თუ ის იშვიათი სახეობა, სრულიად ბუნებრივად ისმის საკითხი ერების, ენების, და კულტურათა უნიკალურობის შესახებ. თუ მსოფლიო ამ პრობლემაზე არ დაფიქრდება და შესაბამისი დასკვნები არ გაკეთედება, ყველაფერი ეს მასვე დაუბრუნდება ბუმერანგივით. ამით ეჭვის ქვეშ დააყენებს საკუთარი ყოფნა არყოფნის საკითხს. ცნობილი მეტაფორის მიხედვით, თუ ჭადრაკის დაფაზე ერთ უჯრას ამოვტეხავთ, თამაში გართულდება, ხოლო რამდენიმე უჯრის ამოტეხვა თამაშს საერთოდ შეუძლებელს გახდის. საკითხი აქ შემდეგნაირად დგება: გავუფრთხილდეთ საკუთარ ენას, კულტურას, იდენტურობას და ამ გზით გადავარჩინოთ მსოფლიო ცივილიზაცია. ამ კუთხით განხილული ეს მოვლენა გვაძლევს უფლებას უფრო თამამად მივუდგეთ იმ ეროვნული პრობლემის გადაწყვეტას, რომელიც ერის თვითმყოფადობას უკავშირდება. ასე, რომ აუცილებელია ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომელიც ზემოხსენებული კონცეფციის განხორციელების საშუალებას მოგვცემს. ასეთი მექანიზმი, სწორედ, მდგრადობის და „მდგრადი განვითარების“ პრინციპებს უნდა გულისხმობდეს.
ქეთევან ჰაგერი:
რას გულისხმობს მდგრადი განვითარება? ხშირად ეს ტერმინი ეკოლოგიასთან ასოცირდება ან ისეთი ზოგადი ხასიათის მატარებელია, რომ მისი კონკრეტული რეალიზება შეუძლებელი ხდება?
ედუარდ შევარდნაძე:
დღევანდელ მსოფლიოში გარემო, ეკოლოგიური უსაფრთხოება და თანმდევი ტექნოლოგიების განვითარება გამოიხატება ტერმინით „მდგრადი განვითარება“. თუმცა მასში ნაკლებად ან საერთოდ არ მოიაზრება სოციალური, კულტურული, ეროვნული თავისებურებები. არადა საკითხის ამგვარი გააზრების გარეშე, ჩემი ღრმა რწმენით, პრობლემის გადაწყვეტა დამარცხებისთვისაა განწირული. „მდგრადი განვითარება“ გულისხმობს ან უფრო ზუსტად, უნდა გულისხმობდეს ისეთი სახის აქტივობას, როგორიცაა, ერთის მხრივ, განახლებადი ენერგეტიკის და შესაბამისი ტექნოლოგიების განვითარება, ხოლო მეორეს მხრივ, ის გარემო, სადაც უნდა დაინერგოს ეს ტექნოლოგიები, ანუ კონკრეტული საზოგადოება, კონკრეტული კულტურული და ეთნიკური გარემო. თუ გვსურს, რომ მდგრადი განვითარების იდეას ჰქონდეს მომავალი, საკითხის ორივე მხარეს ერთნაირი დატვირთვა და მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს. „მდგრადი განვითარების“ ამგვარი კომპლექსური მიდგომა არა მარტო ზოგადად საზოგადოებისთვისაა საჭირო, არამედ თავად ამ ტექნოლოგიების განვითარებასაც შეუწყობს ხელს, რადგან ისინი, ტექნოლოგიები, კონკრეტული სოციალური მნიშვნელობით იტვირთება და სრულიად გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს ის, თუ როგორ სოციუმში მოხდება მათი რეალიზაცია.
ქეთევან ჰაგერი:
როგორც პრაქტიკა აჩვენებს „მდგრადი განვითარება“ უფრო მეტად სამეცნიერო და პოლიტიკური ტერმინია, რომლის განხორციელების მექანიზმები სისტემურად არ არის გააზრებული.
ედუარდ შევარდნაძე:
ცნობილია, რომ „მდგრადი განვითარება“ უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას გულისხმობს. ეს კი თეორიული ცოდნის, ზოგადად მეცნიერული აზრის განვითარებას და მის ახალ სიმაღლეზე აყვანას უკავშირდება. ასე, რომ საზოგადოებაში, ქვეყანაში არსებული სამეცნიერო ბაზა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ამ ტექნოლოგიების ცხოვრებაში წარმატებით დანერგვას. ამდენად, ერთი-ორად იზრდება მეცნიერების როლი ახალ რეალობაში. მეცნიერების როლის გაზრდა და ხელშეწყობა აუცილებელია იმისათვის, რომ რათა „მდგრადი განვითარების“ პრინციპები სრულად იქნეს რეალიზებული. ამავე პრობლემას უკავშირდება კიდევ ერთი საკითხი. ეს არის ფუნდამენტური მეცნიერების განვითარება. ფუნდამენტური მეცნიერებები ისევე მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარებისათვის, როგორც ზემოთხსენებული სოციალური გარემო. ისინი ქმნიან არა მარტო მაღალ თეორიულ ცოდნას, არამედ, მათ გარეშე ახალი ტექნოლოგიები საერთოდ ვერ იხილავენ დღის სინათლეს. თუ ადრე ფუნდამენტური მეცნიერებიდან პრაქტიკამდე ათეულობით და მეტი წელი იყო საჭირო, დღეს მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესიდან გამომდინარე ეს პერიოდი, ხშირ შემთხვევაში, რამდენიმე წელზეა დაყვანილი და ხვალ ისიც შემცირდება. მდგრადი განვითარება ემყარება რა ახალი ტექნოლოგიების ცხოვრებაში სწრაფ დანერგვას, ასევე იმპერატიულად მოითხოვს ფუნდამენტური მეცნიერების განვითარებასაც. მცირე ერების შემთხვევაში, ფუნდამენტური სამეცნიერო ცოდნა ისეთივე მნიშვნელოვანია ერის მეობისათვის, როგორც მისი ენა და კულტურა.
ქეთევან ჰაგერი:
თქვენ მდგრადი ენერგეტიკის საკითხს შეეხეთ. რამდენად მნიშვნელოვანია იგი მდგრადი განვითარების კონცეფციაში?
ედუარდ შევარდნაძე:
მდგრადობის მნიშვნელობა დღევანდელ სამყაროში განუზომლად დიდია. პრაქტიკულად ის ყოფისა და ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს. და, მაინც, მდგრადი განვითარება უპირველეს ყოვლისა გულისხმობს განახლებად ენერგეტიკასა და შესაბამისად განახლებად ტექნოლოგიებს. ეს კი, თავის მხრივ, მომავალში გარემოს დაცვისა და მისი გადარჩენის ძირითადი ელემენტი იქნება. და თუ ტრადიციული ენერგეტიკა ადამიანის ყოველდღიური საქმიანობის ამოსავალი წერტილია, მაშინ, უკვე, არც თუ ისე შორეულ მომავალში, მას განახლებადი ენერგეტიკა შეცვლის. ასე, რომ მდგრადი განვითარების მამოძრავებელი ძალა სწორედ განახლებადი ენერგეტიკა იქნება. შეიძლება თამამად ითქვას, რომ მდგრადი განვითარების ის მოდელი, რომელზეც აქ გვაქვს მსჯელობა (იგულისხმება, ერთის მხრივ, განახლებადი ენერგეტიკა და შესაბამისი ტექნოლოიგიები და, მეორეს მხრივ, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული და ეთნიკური ელემენტების მთლიანობა), შეიძლება საფუძვლად დაედოს ქვეყნების, რეგიონების, ერების, საერთოდ საზოგადოების განვითარებას.
ქეთევან ჰაგერი:
როგორი იქნება ამ შემთხვევაში გლობალური და ადგილობრივი ინტერესების უსაფრთხო არსებობის შესაძლებლობა?
ედუარდ შევარდნაძე:
ყველა სახელმწიფოს, ყველა რეგიონს შეიძლება მდგრადობის თავისი მოდელი ჰქონდეს. ამ კუთხით, მდგრადობა აუცილებლად გულისხმობს ისეთ ცნებებსა და კატეგორიებს, როგორიცაა: მშვიდობა, დემოკრატია, სამართლიანობა და ა.შ. მდგრადი განვითარების პირობებში ისინი თვისობრივად ახალ დატვირთვას შეიძენენ. მათი მთავარი მახასიათებელი გლობალურისა და ლოკალურის, უნივერსალურისა და ეთნიკურის ჰარმონიზაცია იქნება. გლობალიზაციის ჰუმანიზაცია მდგრადი განვითარების პრინციპებზე გადის. ამასთან ერთად, მდგრადი განვითარება თავისი უნივერსალურობის გამო, თვითონვე შეიძლება გადაიქცეს ერებსა და სახელმწიფოებს შორის მარეგულირებელ მექანიზმად. თითოეული ადამიანის, ყოველი სახელმწიფოს თუ ერის ამოცანაა ხელი შეუწყოს ამ პროცესს და ამ გზით დაიმკვიდროს საკუთარი ადგილი მომავალ მსოფლიოში.
ქეთევან ჰაგერი:
და ბოლოს, საქართველოში დაფუძნდა მდგრადი განვითარების სართაშორისო ფონდი. როგორ აფასებთ ამ მოვლენას და რას უსურვებთ ახლადდაფუძნებულ ფონდს?
ედუარდ შევარდნაძე:
მე რამდენადაც მათ წესდებას და ამ კუთხით მომუშავე სპეციალისტებს ვიცნობ საქართველოში, დარწმუნებული ვარ, რომ ფონდი სწორედ ამ პრინციპების დამკვიდრებას შეეცდება. ვუსურვებდი, რომ მისი მთავარი ამოცანა მდგრადი განვითარების ისეთი მოდელის შემუშავება იყოს, რომელიც გლობალიზაციის პროცესში ხელს შეუწყობს თვითიდენტურობის განვითარებას. რეგიონში ეს ფონდი სტიმულს მისცემს სამხრეთ კავკასიასა და მიმდებარე რეგიონებში ზემოხსენებული პრინციპების გავრცელებას და დამკვიდრებას. ფონდი ითანამშრომლებს ყველა დაინტერესებულ სამეცნიერო ორგანიზაციასა და მეცნიერთან და არა მარტო წარმოაჩენს რეგიონული მასშტაბით განხორციელებულ კვლევებს, არამედ იზრუნებს მათი პრაქტიკული დანერგვისათვის. ვიმედოვნებ ამ იდეის წარმატებას არა მარტო რეგიონში, არამედ საერთაშორისო დონეზე. |