ფონდი

გელათი 2011

შემოგვიერთდით
უთხარი არა ინფორმაციულ ომს!!!


Ulti Clocks content
დისკუსია: განახლებადი ენერგეტიკის განვითარების პერსპექტივები საქართველოში ბეჭდვა ელფოსტა
მდგრადი განვითარების ფონდი - მდგრადი განვითარების ფონდი
პარასკევი, 04 ივნისი 2010

m_discussჟურნალ „ინფორმაცია და საზოგადოების“ რედაქციის ინციატივით ჩატარდა დისკუსია თემაზე: განახლებადი ენერგეტიკის განვითარების პერსპექტივები საქართველოში. დისკუსიის მიზანია გამოავლინოს საქართველოს სამეცნიერო-პრაქტიკული შესაძლებლობები და ჩაერთოს მსოფლიო პროცასში იდეით: „საქართველო სუფთა ენერგეტიკით“.

marsgishviliთამაზ მარსაგიშვილი - ფიზ.მათ.მეც. დოქტორი, რ.აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.  ევროსაინსისა და ამერიკული ქიმიური საზოგადოების წევრი. მიღებული აქვს 12-მდე საერთაშორისო გრანტი. აქვს 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.

ახლო მომავალში ტრანსპორტისათვის საწვავად წყალბადის გამოყენება შესაძლებელია იქცეს გადაწყვეტად დიდი ქალაქების უმწვავესი ეკოლოგიური პრობლემისა – გარემოს, პირველ რიგში კი საჰაერო აუზის, დაბინძურებისა. საკმაოდ იაფი წყალბადის საწარმოებლად, რომელიც გამოყენებული იქნება საწვავად, აუცილებელია იაფი ელექტროენერგიის წყარო.

საქართველოს გააჩნია დიდი პოტენციალი იაფი ელექტროენერგიის  წარმოებისთვის (ჰიდრო, მზის, ქარის, თერმული, შავი ზღვის ენერგეტიკული რესურსები და ა.შ.), რაც ამ რაიონს პერსპექტიულს ხდის წყალბადის ენერგეტიკის განვითარების კუთხით.

საქართველოში ელექტროენერგიის წარმოების განვითარება დაეფუძნება იაფი ჰიდროელექტროენერგიის გამოყენებას. უკვე ამჟამადაც, წყლის ელექტროლიზის საშუალებით, საქართველოში შესაძლებელია წელიწადში ათეულ ათასობით ტონა წყალბადის წარმოება ღამის საათებში იაფი ელექტროენერგიის გამოყენებით. წყლის ელექტროლიზისას წყალბადის გარდა აგრეთვე მიიღება ჟანგბადიც. ამ ჟანგბადის საუკეთესო გამოყენება იქნება მურა ნახშირიდან წყალბადის წარმოება. საქართველოში ასეთი ნახშირის მარაგები  300 000 000 ტონაა.

2003 წლის სექტემბერში საქართველოში გამოიცა ქვეყნის პრეზიდენტის ე.შევარდნაძის განკარგულება № 1087 საქართველოში წყალბადის ენერგეტიკის განვითარების შესახებ, რომელიც, სამწუხაროდ, არ იქნა რეალიზებული.

barbakadzeკარლო ბარბაქაძე - პროფესორი, ილია ვეკუას სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის სამეცნიეორო საბჭოს თავმჯდორე, საქართველოს დამსახურებული გამომგონებელი

ეკოლოგიურად სუფთა განახლებადი მზის სხივების ენერგია დედამიწის ზედაპირზე 1 კვტ/მ2 სიმკვრივით აღწევს. მისი წყალობით არსებობს სიცოცხლე დედამიწაზე, მისი მნიშვნელოვანი ნაწილის გარდაქმნით არის ეკოლოგიურად სუფთა წყლისა და ქარის ენერგიები წარმოქმნილი. აღნიშნული ენერგიის აკუმულირებასა და ფართომასშტაბიან გამოყენებას ელექტრული ენერგიისა და ეკოლოგიურად სუფთა წყალბადის საწვავის სახით მთლიანად შეუძლია კაცობრიობის მზარდი ენერგეტიკული მოთხოვნოლების დაკმაყოფილება. ილია ვეკუას სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში მიმდინარეობს 150 ვტ სიმძლავრისა და 10% მქკ-ის მზის თერმოელექტრული გერნერატორის დამუშავება ავტონომიური ელექტრული ენერგიის წყაროდ გამოყენების მიზნით. პერსპექტივაში შესაძლებელია მისი მქკ-ის 20%-მდე გაზრდა.

თამაზ ვაშაკიძე, საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრის დირექტორი,  აკადემიური დოქტორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 80-ზე მეტი სამეცნიერო vashakidzeდა სამეცნირო-პოპულარული ნაშრომის და ცხრა გამოგონების, მათ შორის ორი დანერგილის ავტორი.
რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო - ტექნიკური კონკურსის გამარჯვებული:
CRDF (Civilian research &Development Foundation, USA) – 2005,2006.
ENERGY GLOBE AWARD (Austria) – 2007

ტრადიციული საწვავ-ენერგეტიკული რესურსი (ნავთი, ბუნებრუვი აირი და ა.შ.), რომელიც საქართველოს პრაქტიკულად არ გააჩნია, ხარჯვის არსებული ტემპების მიხედვით და ექსპერტთა შეფასებით, ამოიწურება უახლოეს 100 წელიწადში. ჩვენს ქვეყანას გააჩნია როგორც ბუნებრივი, ასევე ადამიანური რესურსი, რათა შეიმუშავოს სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების კომპლექსური პროგრამა ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოსაყენებლად.

მარინა მაჭავარიანი, ფიზ.-მათ. მეცნიერებათა კანდიდატი. რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. machavarianiგამოქვეყნებული აქვს 42 ნაშრომი, მიღებული აქვს მონაწილეობა სამ საერთაშორისო სამეცნიერო პროექტში (STCU) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო პროექტებში.

ინსტიტუტში შემუშავებული იყო პროექტი. პროექტის მიზანია ახალი ტიპის ფოტოელექტროქიმიური უჯრედის (ფეუ) შექმნა მზის ენერგიის კონვერსიისთვის წყალბადის ენერგიაში წყალხსნარებიდან წყალბადის აკუმულირების შესაძლებლობით. მზე ენერგიის თავისუფალი წყაროა, წყალი – იაფი რეაგენტი და მიღებული წყალბადი – სავსებით მისაღები საწვავი ენერგეტიკის და ეკოლოგიის თვალსაზრისით. ჩვეულებრივად ფეუ უჯრედი შედგება ერთობლივად მომუშავე ნახევარგამტარული ფოტოანოდის და მეტალური კათოდისგან. არაწონასწორული ელექტრონები და ხვრელები გენერირდებიან გამყოფ საზღვარზე - ნახევარგამტარი/ელექტროლიტი ფოტოანოდზე სინათლის ზემოქმედებით. შედეგად წყალი იყოფა წყალბადად და ჟანგბადად.

გრიგორ ტატიშვილი, ფიზ.-მათ. მეცნიერებათა კანდიდატი. რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორი.  გამოქვეყნებული tatishviliაქვს 25-ზე მეტი ნაშრომი.

არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში შემუშავებული იყო წყალბადის მიღების პროექტი თერმოქიმიური მეთოდით მზის ენერგიის გამოყენებით.

წყალბადის წარმოება შესაძლებელია წყლის თერმული დაშლის მეშვეობით, რომლისათვისაც სითბოს წყაროდ შეიძლება გამოყენებილ იქნას მზის ენერგია. სითბოს მიღება სარკეებისა და კონცენტრატების დახმარებით გაცილებით უფრო იაფი და ეფექტურია, ვიდრე ელექტროენერგიის მიღება ნახევარგამტარული გარდამქმნელების საშუალებით. წყლის თერმოქიმიური დაშლა და ამ გზით წყალბადის მიღება საბოლოოდ შეიძლება აღმოჩნდეს ეკონომიკური თვალსაზრისით ბევრად უფრო ხელმისაწვდომი.

 

ოლეგ შატბერაშვილი - ფილოსოფიის დოქტორი. 90-ზე მეტი ნაშრომის ავტორი ფიზიკაში. 1976-2004 წლებში საქართველოს სამეცნიერო–ტექნიკური ინფორმაციის shatberashviliინსტიტუტის (ტეკინფორმის) დირექტორი. საერთაშორისო ორგანიზაციების (UNESCO,UNIDO,FAO,GFAR და სხვა) პროექტებში ექსპერტი.

მიუხედავად იმისა, რომ არატრადიციული ენერგეტიკის დანერგვა პირველ ეტაპზე ძვირი ჯდება, მას ხანგრძლივ პერსპექტივაში, საკმაოდ დიდი ეკონომიკური და ეკოლოგიური ეფექტი აქვს. ამ საკითხებს მე მრავალი ნაშრომი მივუძღვენი და სამთავრობო კომისიებში ჩემი მუშაობის დროს წინადადებებიც დავაყენე.

მიმაჩნია, რომ რაზეც ახლა ვსაუბრობთ, ერთიანი სამთავრობო პროგრამის დონეზე უნდა ჩამოყალიბდეს, რომელსაც ენერგოდაზოგვის ტექნოლოგიების საკითხიც დაემატება.

დღევანდელი შეხვედრა პროფესიონალთა ხედვის ჩამოყალიბების საფუძვლად მიმაჩნია, რომელიც დაეფუძნება საქართველოში წლების განმავლობაში დაგროვილ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას, აგრეთვე მსოფლიოს უახლეს მიღწევებს.

რაფიელ ჩიქოვანი - პროფესორი, ტექნიკის  მეცნიერებათა  დოქტორი, სტუ-ს; მიკრო-ელექტრონიკის მიმართულების ხელმძღვანელი, მიკროელექტრონიკის chikovaniსასწავლო-სამეცნიერო ცენტრის უფროსი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მეცნიერების ისტორიის საქართველოს საზოგადოების პრეზიდენტი. საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრის (IBC, კემბრიჯი, ინგლისი) გენერალური დირექტორის მოადგილე.

არატრადიციული ენერგიების განვითარებას საქართველოში საკმაოდ კარგი პერსპექტივები გააჩნია. ეს განპირობებულია არა მარტო საქართველოს ამ დარგების გამოყენების შედეგებით, არამედ ქვეყანაში არსებული სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალით და კვალიფიციური კადრების არსებობით.

არატრადიციულ ენერგიებს შორის საქართველოსთვის, ვფიქრობ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს მზის ენერგიის ფოტოელექტრონული გარდამქმნელების საშუალებით ელექტრული ენერგიის მიღება. მთელს მსოფლიოში ეს მიმართულება ერთერთი სტრატეგიული მიმართულებაა და აქვს წარმოების ყველაზე მაღალი ტემპი.

საქართველოსათვის ამ დარგის პერსპექტულობას განსაზღვრავს შემდეგი ძირითადი ფაქტორები:

  • მზის დღეების რაოდენობა წელიწადში (250 დღეზე მეტი).
  • არსებული სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალი და მაღალკვალიფიცირებული პერსონალი.
  • ნახევარგამტარული მასალების არსებობა საქართველოში.
  • ძნელადმისაწვდომ რეგიონებში მზის ენერგიის გამოყენების უპირატესობა.
  • მზის ფოტოელექტრული გარდამქმნელების რეალიზაციის ფართო არეალი.

მეტად საინტერესო, და ვფიქრობ, პერსპექტიულ საკითხს ინვესტირებისთვის წარმოადგენს საქართველოში ტექნიკური სილიციუმის წარმოების ორგანიზება მზის ფოტოელექტრული გარდამქმნელებისათვის. ტექნიკური სილიციუმი დეფიციტია მსოფლიოში და ეს მომგებიანი წარმოება იქნება. მით უმეტეს, რომ საქართველოში არსებობს მაღალი ხარისხის კვარციტები, არის მუშახელი და არიან სპეციალისტები.

მიმაჩნია, რომ საჭიროა მომზადდეს და მთავრობას წარედგინოს საქართველოში ალტერნატიული ენერგიის განვითარების კომპლექსური პროგრამა, სადაც განსაზღვრული იქნება ბიზნესისა და ინვესტორების მონაწილეობა.

chikhradzeნიკოლოზ ჩიხრაძე - საქ. ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; სსიპ გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტის დირექტორი; განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების კვლევებთან დაკავშირებული სამი საერთაშორისო პროექტის მენეჯერი. აშშ-ის მინერალების, მეტალების და მასალების საზოგადოების წევრი.

სრულიად ვეთანხმები დისკუსიის მონაწილეთა  მოსაზრებებს. საქართველოს გააჩნია არატრადიციული და განახლებადი ენერგეტიკის განვითარების დიდი პოტენციალი რომელის გამოყენების შესახებაც დისკუსია დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. პრაქტიკულად არ გამოიყენება ისეთი მნიშვნელოვანი წყაროებიც კი, როგორიცაა მზის და ქარის ენერგია. ცხადია, რომ ამ პოტენციალის ათვისებას სჭირდება სათანადო სახელმწიფო მხარდაჭერა და ფინანსური უზრუნველყოფა. ასეთი მხარდაჭერის მოპოვებას და ფინანსების მოზიდვას სჭირდება ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და პოლიტიკურ ჭრილში კვალიფიციურად დასაბუთებული, ყოვლისმომცველი საინვესტიციო პროექტების შექმნა. ასეთი პროექტები კი მხოლოდ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეიძლება შეიქმნას. აუცილებელია აგრეთვე ამ საკითხების ირგვლივ დისკუსიების გაფართოვება და ქართულ საზოგადოებაში სათანადო პოპულარიზაციაც.