| ინფორმაციული უსაფრთხოების ერთიანი ევროპული სისტემის ფორმირების კონცეფცია: პრობლემები და გადაწყვეტის გზები |
|
|
| ჟურნალი - კიბერ უსაფრთხოება |
|
გვერდი 1 - 2
შეუძლია კი მასმედიას, როგორც “მოდარაჯე ძაღლს” დაიცვას საზოგადოებრივი ინტერესი? თუ იგი ცალსახადაა ჩართული მარათონში, რომ პოლიტიკურ მოთამაშეთა ერთი ნაწილი “შეშლილად” გამოაცხადოს, შემდეგ კი საკუთარი ძალადობის გასამართლებლად ამ განაცხადის ექსტრაპოლარიზებით მთელი ნაციისაგან შექმნას მტრის ხატი ისე, რომ შედეგები არც კი გაითვალისწინოს. მეორე ნაწილი კი, როგორც “ანგელოზები” ისე წარმიაჩინოს. მარიამ ცაცანაშვილი იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი საქართველო გამოსვლა XVIII საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე კრინიცაში 2008 წლის 9-13 სექტემბერი
ხშირად გაიგონებთ, რომ პოლიტიკური მოღვაწეები თავიანთ გამოსვლებში პროვოკაციულ და შეურაცმყოფელ გამონათქვამებს იყენებენ, პრესა კი ამ გამონათქვამებს მხოლოდ აშუქებსო. არ შეიძლება ამ არგუმენტს არ დაეთანხმო, მაგრამ სკანდალური თემებისა და “აფიორების” მოკლე კოლაჟით მედია ხშირად ამახინჯებს ინფორმაციის ძირითად არსს და სერიოზულ პრობლემებს უმნიშვნელო ხასიათს აძლევს ან პირიქით. ასეთ ვითარებაში მასმედიის მხრიდან დემოკრატია მოქალაქეებს ვირტუალურ თამაშად მიეწოდება და არა სერიოზული ადამიანების სერიზულ საქმედ. თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ უფლება ინფორმაციაზე და მედიის თავისუფლება – დემოკრატიის მთავარი ღირებულებებია. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური სკანდალის კულტურა საზოგადოებაში კულტურის ვირუსის სახით ვრცელდება, ამ ღირებულებებმა ინფორმაციული კულტურის საფუძველზე პიროვნებას, საზოგადოებას, სახელმწიფოს დინამიური განვითარებისათვის ადაპტაციისა და სწორი მორალური ორიენტაციის შესაძლებლობები უნდა გამოუმუშაოს. სწორედ ამ ღირებულებების დასაცავად აუცილებელია დაჩქარდეს ინფორმაციული უსაფრთხოების ევროპული სისტემის ფორმირება. ამ პროცესის მიზანია – ერთიანი ევროპული ინფორმაციული სისტემის ფორმირება, ხოლო მოსალოდნელი ეფექტი – უსაფრთხო ინფორმაციული სივრცე. ინფორმაციული უსაფრთხოების პრობლემებზე პოლემიკა სამეცნიერო ლიტერატურასა თუ მასმედიაში ძირითადად, ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების განვითარების ფონზე, მონაცემთა ბაზების და ინფორმაციული სისტემების დაცვის მეთოდებსა და ხერხებს ეხება. როგორც ცნობილია, სისტემა, როგორც ერთი მთლიანი – მისი ელემენტების მოწესრიგებას გულისხმობს, ამიტომ სისტემის ეფექტურობა, თავის მხრივ, დაკავშირებულია ცალკეული ელემენტების ურთიერთქმედების ხასიათზე. ასეთ სიტუაციაში ისმება კითხვა: შეგვიძლია კი შევქმნათ ინფორმაციის მავნე ზეგავლენით გამოწვეული კოლაფსის თავიდან აცილების ღონისძიებათა სისტემა, რომელიც ქმედებათა თავისებური სახელმძღვანელო იქნება? თავს ნებას მივცემ თქვენთან ერთად გავაანალიზო ეს პრობლემა და ეს იმიტომ, რომ ერთმნიშვნელოვანი პასუხი: “მე ვიცი როგორ უნდა გადაწყდეს ინფორმაციული უსაფრთხოების ევროპული სისტემის ფორმირების საკითხი” -არ არსებობს. მაშ რაში მდგომარეობს პრობლემის არსი? ინფორმაციული უსაფრთხოების თეორია სისტემურად გააზრებული არ არის. პრობლემა მხოლოდ იმაში არაა, როგორ ვრცელდება ინფორმაცია, არამედ იმაშიცაა, თუ რა ვრცელდება. ინფორმაციული უსაფრთხოება მხოლოდ ფსევდოინფორმაციის გამო უარყოფითი შედეგების აღმოფხვრას არ უნდა ემსახურებოდეს, არამედ ასეთი მოვლენების თავიდან აცილების (პროფილაქტიკის) ღონისძიებებსაც უნდა შეიცავდეს. ამიტომ, ეს იზოლირებული პრობლემა კი არაა, არამედ კომპლექსური ხასიათისაა, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, ხერხებისა და მეთოდების მრავალმხრივ განხილვას ითხოვს. ერთის მხრივ – გეომეტრიული პროგრესიით ვითარდება მასობრივი კომუნიკაციების ისეთი თეორიები როგორიცაა: ფრეიმინგი (framing), დღის წესრიგის (agenda setting), კულტივაციის (cultivation), მედიტაციის (mediation), მესამე პირის(პირველი პირის) ეფექტის ((third-person(first-person) effects), სელექციური ექსპოზიციის (selective exposure), და სხვა. თუნდაც ამ თეორიების მრავალფეროვნება აჩვენებს რომ ინფორმაციული საზოგადოება თავისი შინაარსით უკონფლიქტო არაა. ამიტომ, ეს თეორიები მასმედიას, საზოგადოებასა და პოლიტიკური სისტემის ურთიერთკავშირების ახალ მოდელებს ქმნიან, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ ხსნის იმ უარყოფით ცვლილებებს, რომელიც მედიაინსტიტუტებსა თუ ინფორმაციულ სისტემებში მიმდინარეობს. მეორეს მხრივ – ტექნოლოგიურმა რევოლუციამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი კორპორაციული რესურსების თუ პერსონალურ მონაცემთა გახმაურების უპრეცედენტო საფრთხე შექმნა, რასაც ტექნიკური უსაფრთხოების განვითარების დღევანდელი დონე ვეღარ პასუხობს. მაგალითად: 2008 წლის 5 თვის მონაცემებით 2005-ზე მეტი საფინანსო ორგანიზაცია გახდა ინტერნეტდაბობმბვის მსხვერპლი, დაიბომბა – ლიტვის, ესტონეთის, პოლონეთის, საქართველოს საიტები, სპამერებმა მარშალის კუნძულები ელექტრონული ფოსტის გარეშე დატოვეს, აშშ კვლავ ადანაშაულებს ჩინეთს ჰაკერული თავდასხმებისათვის, შეიქმნა ქსელური შეტევის უნიკალური სახე (phlashing attaсk), რომელსაც დისტანციურად შეუძლია გამოიყვანოს მწყობრიდან მოდული მისი აღდგენის შესაძლებლობის გარეშე. ასე, რომ მხოლოდ ტექნიკური დაცვის საშუალებები თუ ისინი ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების ზემოთნახსენები ღირებულებების გათვალისწინებით წარმოებულ პოლიტიკასთან კავშირში არ იქნება განხილული – არაეფექტური ხდება. ეს და სხვა მონაცემები ექსპერტებს კიბერშეტევების მასიური ზრდის პროგნოზის უფლებას აძლევს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შეიძლება დავასკვნათ, რომ მხოლოდ ტექნიკური დაცვის საშუალებებზე დაყრდნობა არაეფექტურია. |








