|
საიტის შემქმნელი ჯგუფი დიდხანს ფიქრობდა საქართველოდან დიალოგი ეწარმოებინა ინფორმაციული კულტურის საკითხებზე. ჩვენი ნაფიქრის რეალობად ქცევას 2008 წლის აგვისტოს ომმა მოუსწრო. ეს ნიშნავს, რომ დავაგვიანეთ. ოცდამეერთე საუკუნე - ინფორმაციული ურთიერთობების საუკუნეა. ამიტომ უნდა ვიჩქაროთ, კიბერკონფლიქტემბა და კიბერომებმა ინფორმაციული კატასტროფის წინაშე არ დაგვაყენოს, რაც მსოფლიოსათვის საერთო საფრთხეა. ამ შემთხვევაში დიდი ქვეყნების სინდრომი, რომ კიბერნეიტრალიტეტს შეინარჩუნებენ და პატარა ქვეყნებისათვის კიბერთავშესაფარის უზრუნველყოფით განახორციელებენ გეოპოლიტიკურ ინტერესებს, სირაქლემას პოზიციას უფრო ჰგავს, ვიდრე ახალი მსოფლიოს კიბერპოლიტიკის სტრატეგიას. ჩვენი მიზანია მსოფლიო დიალოგი თემაზე: „უთხარი არა ინფორმაციულ ომს!” საქართველში მიმდინარე კიბერომის ანალიზით გვინდა დაგარწმუნოთ, რომ საფრთხის თავიდან აცილება კულტურისა და მეცნიერების პოპულარიზაციითაა შესაძლებელი. ინფორმაციული საზოგადოება კულტურის მაჩვენებელია. ჩვენ წარმატების დიდი იმედი გვაქვს. როგორ? - მოდით ამ კითხვაზე მოგვიანებით გავცეთ პასუხი! საქმიანობის მიზანი: ინფორმაციული საზოგადოების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი პროცესების განვითარების ხელშეწყობა; მოსახლეობაში ინფორმაციული საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ კუთხით განათლების პოპულარიზაცია. უსაფრთხო ინფორმაციული გარემოს პოპულარიზაცია და შესაბამის ღონისძიებათა განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა. საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ შესაბამის განათლებისა და მეცნიერული კვლევის სფეროში მოღვაწე სპეციალისტებს, დაწესებულებებსა და კომპანიებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და ერთობლივი კვლევების ჩატარება. ინფორმაციულ საზოგადოებასთან ადაპტაციისა და რეაბილიტაციის პროექტების შემუშავება და განხორციელება. ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გავრცელების სფეროში სასწავლო-სამეცნიერო ტექნოლოგიების შემოტანისა და ახალი მეთოდების დანერგვისათვის ხელშეწყობა. ინფორმაციული უსაფრთხოების პრობლემათა შესწავლა და ამ სფეროში სახელმწიფო კონცეფციის შემუშავებისა და სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა. ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გავრცელების სფეროში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესწავლა, შეფასება და მონიტორინგის ჩატარება საქართველოში. პერსონალური მონაცემების დაცვის ხელშეწყობა. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე მონიტორინგის განხორციელება. ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ საერთაშორისო კონვენციების და შეთანხმებების შესრულების მონიტორინგი. ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში საერთაშორისო აქტების იმპლიმენტაციის მონიტორინგი და შესაბამისი კანონპროექტების შემუშავება. სარეაბილიტაციო, სასწავლო და საკონსულტაციო საქმიანობის წარმოება და შესაბამისი ფონდების შექმნა. ინფორმაციის მავნე ზეგავლენის თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლა და მათი თავიდან აცილებისათვის მედია ომბუცმენის ინსტიტუტის დანერგვისათვის ხელშეწყობა.
|